ხაბეიშვილმა ჩალაძე „პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელად დანიშნა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი" შექმნა და ხელმძღვანელად გიორგი ჩალაძე დანიშნა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა. საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან. მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

გიორგი ჩალაძის განცხადებით, ის მოხარულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ მუშაობის მთავარი სტილი იქნება.

„ჩემთვის პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცით. ეს არის ლევან ხაბეიშვილის დეკლარირებული გეგმა. პრეზიდენტის გათავისუფლებაში არაერთი ადამიანია ჩართული. შტაბების კარი ყველასთვის ღიაა. პირველივე დღიდან ჩვენი მეგობრები სხვა პარტიებიდანაც გვეხმარებიან. უახლოეს დღეებში, გვექნება იმის პრეზენტაცია, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ეს ძალიან მალე მოხდება“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.